ზუგდიდის საკრებულოს “მეოცნებე” დეპუტატები ბიუჯეტის დამტკიცებას აღნიშნავენ – მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” ვადაგასულმა საკრებულომ ბიუჯეტი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა, ხოლო სამართალდამცველებმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს და პროტესტის მონაწილეები დააკავეს, “ქართული ოცნების” წევრებმა სუფრა გაშალეს.
ძველი მოწვევის საკრებულოს წევრები და მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომლები “ქართული ოცნების” პარტიის წევრისა და საკრებულოს ერთ-ერთი თანამშრომლის, მიხო ჭკადუას სახლში ქეიფობენ. ეს იმ ფონზე, რომ დღეს პანდემიის მოტივით, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები სხდომაზე არ დაასწრეს.
აღსანიშნავია, რომ მიხო ჭკადუას ოჯახი წლების წინ სამეგრელოში ჩასულ ბიძინა ივანიშვილს მასპინძლობდა, ამასთან, ისინი ხეების გადატანისას, ოლიგარქს მათ შერჩევაშიც ეხმარებოდნენ.
ამ წუთებში მიხო ჭკადუას ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ზუგდიდის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების მანქანები დგას. მას შემდეგ კი, რაც ადგილზე “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი მივიდა, ჭიშკარი ჩაკეტეს და გადაღების საშუალება არ მისცეს.
ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოს ბიუჯეტი 46 მილიონი ლარით განისაზღვრა, ამ თანხიდან 24 მილიონი საჯარო მოხელეების ხელფასებს მოხმარდება.
ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები პარტიული აქტივის თავშესაფარია და ა(ა)იპ-ში “ოცნების” კოორდინატორები და აქტივისტები არიან გაფორმებულები. ოპოზიცია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ლეგიტიმაცია ექნებათ, ბიუჯეტში ცვლილებებს გეგმავენ.