“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან.
ისინი ბათუმის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. მათი მოთხოვნაა ასევე დაიწყოს გამოძიება თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის წინააღმდეგ.
“ამ პარტიის ლოგო არის სისხლიანი რეჟიმის სახე. უამრავი ადამიანი ვიცით, რომლებიც შეეწირნენ მათი კომფორტის ზონის შექმნას და მათ ხელისუფლებაში დარჩენას. ეს დაიწყო მათ შორის 2012 წლიდან, ბარბარე რაფალიანცის საქმე დღემდე გამოუძიებელია. ასევე გვაქვს ია კერზაიას ქეისი, ნუგზარ ფუტკარაძის, ასევე, ლექსო ლაშქარავას ქეისი, რომლის დაცვაც ვერ შეძლო ქართულმა ოცნებამ იმიტომ, რომ არ გაენაწყენებინა წინასაარჩევნოდ რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფები. ქართული ოცნება იზამს ყველაფერს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, იქნება ეს მოსყიდვა, დაშინება თუ ადამიანების მკვლელობა”, – თქვა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ.
ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. როგორც გაირკვა, ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახორციელებდა და 100 000 დოლარის სანაცვლოდ ენმ-ს დატოვებას აიძულებდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ფუტკარაძემ ვერ გაუძლო ზეწოლას, მისი მდგომარეობა გაუარესდა, რასაც გარდაცვალება მოჰყვა.