საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი კიდევ ერთი მამაკაცის ადგილსამყოფელი დადგენილია და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ტყიბულში, მიწის მასიდან ერთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უკვე ამოყვანილია. ის კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
გარდა ამისა, სამაშველო ჯგუფების მიერ უკვე დადგენილია მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დღეს, 27 ნოემბერს მოხდა. ტყიბულში ქვანახშირის კარიერი ჩამოიშალა, რა დროსაც 2 ადამიანი მიწის მასის ქვეშ მოყვა.