ოზურგეთში, ანასეულის უბანში ოთხი ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა. სამი ქალი და ერთი მცირეწლოვანი ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” არიან შეყვანილები.
ექიმის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში 51 წლის, 69 წლის და 78 წლის ქალბატონები არიან მოთავსებულნი და მათი მდგომარეობა სტაბილურია. დეზინტოქსიკაციისა და სხვა სამედიცინო მანიპულაციების შედეგად ექიმებმა მათი გადარჩენა შეძლეს.
რაც შეეხება მცირეწლოვანს, სამი წლის ბავშვი პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს, მას ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია.
ოჯახის ახლობლების ცნობით, შემთხვევა მოულოდნელად მოხდა, გაზის გაჟონვის შედეგად მოწამლული ადამიანები სხვა ოთახში მყოფმა ოჯახის წევრმა აღმოაჩინა და საშველად მეზობლებს უხმო.
112-ის გამოძახების შემდეგ ისინი კლინიკაში იქნენ გადაყვანილები.