საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება მოსამართლე ლია ორკოდაშვილისთვის კარიერაში ყველაზე მძიმე საქმეა.
მისი თქმით, რეზონანსულ საქმეზე გადაწყვეტილებას მხოლოდ კანონის ჩარჩოებში და შინაგანი რწმენით მიიღებს.
ორკოდაშვილი “შაბათის ეთერთან” პირველად ხსნის რატომ ჩაატარა მოსამართლეთა კოლეგიამ წინა პროცესი ისე რომ პრეზიდენტი განსასჯელის სკამზე არ მჯდარა.
”ჯერ ერთი, სასჯელაღსრულების დაწესებულება ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს და არა სასამართლო ხელისუფლებას. ამასთან, როდესაც ჩვენ მოგვდის საბუთი, სადაც წერია რომ პატიმარი ვერ მოგვყავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ ხომ არ ვართ ექიმები და ექსპერტები? ეს ადამიანი გზაში რომ გახდეს ცუდად , ან სასამართლოზე რამე დაემართოს, რა უნდა ვქნათ?!”- განაცხადა მოსამართლემ.
ინტერვიუდან ირკვევა, ისიც, რომ დაუმსახურებელმა კრიტიკამ დიდი სტრესი მიაყენა. მოსამართლემ არც ის დამალა, რომ სააკაშვილის პროცესის შემდეგ თავადაც ექიმთან მოხვდა.
ლია ორკოდაშვილი, შვიდი ნოემბრის საქმეზე განაჩენს დანარჩენ ორ მოსამართლესთან ერთად გამოაცხადებს. იმის გამო რომ სისხლის სამართლის ეს საქმე რთულად განსახილველ საქმეთა კატეგორიაში შედის, პირველად საქალაქო სამმართველომ მოსამართლეთა კოლეგია შექმნა. საბოლოო გადაწყვეტილებამდე იყო შუალედური ვერდიქტი, სამმა მოსამართლემ პრეზიდენტს წინასწარი პატიმრობა გააუქმა, ამით პრაქტიკულად სალომე ზურაბიშვილს ხელ-ფეხი გაუხსნეს. თუ მეხუთე პრეზიდენტი მესამეს შეიწყალებს სააკაშვილი ციხეში არც ერთი წუთს აღარ გაატარებს:
”თუ ქალბატონი სალომე მივა იმ დასკვნამდე, რომ გაითვალისწინოს ყველა ის გარემოება რაც ხდება ყოფილი პრემიერის ირგვლივ და შეიწყალოს ის, ჩვენ რომ პატიმრობა არ გაგვეუქმენინა, როგორც აღკვეთი ღონისძიება, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა, ახლა თუ სალომე ზურაბიშვილი მივა იმ დასკვნამდე, რომ მას შეიწყალებს, სააკაშვილს ჩვენგან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთა აღარ აქვს და ის გარეთ იქნება”- თქვა მოსამართლემ.