საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი ყოველთვიურად იზრდება. მხოლოდ ოქტომბერში ქვეყნიდან 10 553 ტონა პროდუქტი (3.635 მლნ დოლარი) გავიდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29,5-ჯერ მეტია. 2020 წლის ოქტომბერში ქვეყნიდან მხოლოდ 357 ტონა კარტოფილის (46.13 ათასი დოლარი) ექსპორტი განხორციელდა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყნიდან 40 560 ტონა კარტოფილი გავიდა, (ჯამში 14.131 მლნ დოლარის ღირებულების), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 12-ჯერ მეტია. 2020 წლის 10 თვეში კარტოფილის ექსპორტმა 3 369 ტონა შეადგინა (963.4 ათასი დოლარი). აქამდე ასეთი დიდი რაოდენობით პროდუქტი ქვეყნიდან 2017 წლის 10 თვეში გავიდა, მაშინ საქართველომ უცხოეთში 35 838 ტონა კარტოფილი გაყიდა.
რაც შეეხება ქვეყნებს, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ქართული კარტოფილი ძირითადად 12 ქვეყანაში გავიდა, ყველაზე დიდი რაოდენობით კი რუსეთში – მთლიანი ექსპორტის თითქმის 70%.
Top-5 ქვეყანა, სადაც 2021 წლის 10 თვეში საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით კარტოფილი გავიდა:
- რუსეთი – 28 294 ტონა (12.315 მლნ დოლარი)
- აზერბაიჯანი – 6 496 ტონა (819.5 ათასი დოლარი)
- მოლდოვა – 1 848 ტონა (330.6 ათასი დოლარი)
- უკრაინა – 1 382 ტონა (151.1 ათასი დოლარი)
- თურქმენეთი – 871 ტონა (125.3 ათასი დოლარი)