თურქეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ქარიშხალი ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქს, სტამბოლს დაატყდა თავს.
“ორშაბათს, 20:30 საათისთვის (1730 GMT) ქარიშხლის გამო 1517 ზარი განხორციელდა სტამბოლის 112 სასწრაფო დახმარების ცენტრში”, – ნათქვამია თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
სტამბოლში, სადაც 15 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ქარიშხალმა დააზიანა ათობით შენობა, მოგლიჯა ხეები, სახლებს სახურავები გადახადა და დაანგრია საათის კოშკი. აეროპორტში კი რამდენიმე რეისი გადაიდო.
ოფიციალური ინფორმაციით, ქარის სიჩქარე სტამბოლში 129 კმ/სთ-ს აღწევდა.