დედოფალი ელისაბედ II, ბარბადოსის დროშის ფონზე
ბარბადოსმა ბრიტანულ მონარქიასა და დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობაზე ოფიციალურად განაცხადა უარი და რესპუბლიკა გახდა.
დამოუკიდებლობის 55 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე 72 წლის სანდრა მეისონმა ფიცი დადო და ბარბადოსის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა.
დედაქალაქ ბრიჯთაუნში საზეიმო ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით უელსის პრინცი, ჩარლზი ესწრებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, გაერთიანებულ სამეფოსა და ბარბადოსს შორის ურთიერთობები გაგრძელდებოდა.
“ამ რესპუბლიკის შექმნა ახალ დასაწყისს გვთავაზობს”. – თქვა პრინცმა ჩარლზმა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა კარიბის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძული 1627 წელს დაიკავეს და ის გაერთიანებული სამეფოს კონტროლის ქვეშ თითქმის 340 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
1966 წელს ბარბადოსი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, თუმცა მის ფორმალურ მმართველად ბრიტანეთის მონარქი რჩებოდა.
2021 წლის ოქტომბერში ბარბადოსის პარლამენტმა მეისონის პრეზიდენტად არჩევას და კუნძულის რესპუბლიკად გადაქცევას დაუჭირა მხარი.