ევროპელი სოციალისტების დეპუტატი, ფრიდონ ინჯია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ ღია წერილთან დაკავშირებით ამბობს, რომ დროა ხელისუფლებამ ამ მხრივ შესაბამისი კანონი მიიღოს, სადაც ის არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩარჩოებში ჩასვამს.
“ამ დღეებში გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ წერილი, რომელსაც ხელს აწერს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც იცავს მკვლელებს, მოძალადეებს, მწამებლებს, ხაზინის ქურდებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადახედოს სიას და აღმოაჩენს იმას, რომ ნახევარზე მეტი იქ ხელისმომწერი არის საჯარო სამსახურში და მას ხელფასს სახელმწიფო უხდის იმისათვის, რომ ეს სახელმწიფო დაანგრიოს, მეორე ნაწილი კი არის ის არასამთავრობოები, რომლებიც გარედან იკვებებიან. დროა ხელისუფლებამ ამ მხრივ მიიღოს შესაბამისი კანონი, სადაც ის რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, დადგეს თავის სიმაღლეზე, კანონისა და სამართლიანობის სადარაჯოზე, არავითარ შემთხვევაში არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა”, — განაცხადა დეპუტატმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე.
ქართველი პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო თუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, ხელოვანებმა და ჟურნალისტებმა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართეს და სთხოვეს, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ნებას თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ახლა შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქვეყანას ისე სჭირდება, როგორც არასდროს.