“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების აუცილებლობას ვერ ხედავს.
ის ამბობს, რომ თუ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს, ცვლილებები 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს და რიგგარეშე არჩევნებს არ შეეხება. ასევე აღნიშნავს, რომ ბარიერი შესაძლოა, 5%-დან 2%-მდე არ დაიწიოს.
მიზეზად “ოცნების” თავმჯდომარე ოპონენტების “ქცევა” დაასახელა და თქვა, რომ ცვლილებების მიღება მართველი პარტიის მხრიდან “საჩუქარია”.
“ბევრი რამე იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევაზე და ქმედებებზე. ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას და ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, საბოლოო ჯამში ჩვენ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ერთ რამეში, რომ არსებობს ოპოზიციურ სპექტრში სურვილი, რომ არსებული პოლარიზებული გარემო შეიცვალოს, თუ ამ სურვილს ისინი აჩვენებენ, მაშინ შეიძლება მივიღოთ ერთი გადაწყვეტილება, თუ არა აჩვენებენ, შეიძლება მივიღოთ სხვა გადაწყვეტილება, რატომ, იმიტომ რომ თავისთავად დაბალი ბარიერი არის მიდრეკილი არასტაბილურობისკენ, ეს არის მთავარი მინუსი რაც ავქს დაბალ ბარიერს”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, უმრავლესობა სავარაუდოდ გაიზიარებს მის პოზიციას პროექტიდან ჩანაწერის ამოღების შესახებ.