ჩოხატაურის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები, ჩოხატაურის ყოფილი მერი ირაკლი კუჭავა და ჩოხატაურის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ამის შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ჩოხატაურის ძველი მოწვევის საკრებულოს ერთ ერთმა დეპუტატმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, მიაწოდა.
იმავე დეპუტატის თქმით, ზაალ მამალაძე ირაკლი კუჭავას სამუშაო ოთახში შეუვარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაპირისპირება შემდგომ ფიზიკურშიც გადაიზარდა.
ყოფილი საკრებულო თავმჯდომარე, ზაალ მამალაძე, ყოფილი მერის, ირაკლი კუჭავასაგან კანდიდატურის მოხსნას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მადისკრედიტებელი დოკუმენტაციის გავრცელებით იმუქრებოდა.
მამალაძის მხარე მიიჩნევს, რომ კუჭავა ბოლო არჩევნებში სოსო გოგაშვილის “სახალხო” პარტიას უჭერდა მხარს და “ქართული ოცნების” ოპონენტი იყო.
ჩვენი წყარო ამ ბრალდებას კატეგორიულად გამორიცხავს, თუმცა ,მისი ვარაუდით დაპირისპირება იმდენად მძიმეა, რომ შესაძლოა კუჭავამ თავისი კანდიდატურა ჩოხატაურის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე მოხსნას.
კუჭავას გარემოცვასთან დაახლოებული პირის განცხადებით, ადგილზე პარტია გარკვეული ჯგუფის მხრიდან შანტაჟის პირობებშია:
“ირაკლის არ უღირს ასეთ პირობებში, როცა ადამიანები მის წინააღმდეგ ბევრ სიბინძურეს იკადრებენ, მუშაობა” აცხადებენ კუჭავას გარემოცვაში.
ინფორმაციის გადამოწმებისას მხარეებმა “გურიის მოამბეს” სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.