განხორციელებული მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო ოზურგეთი კიდევ ერთმა ყოფილმა საჯარო მოხელემ დატოვა
როგორც “გურიის მოამბესათვის” გახდა ცნობილი, ოზურგეთი გასულ კვირას, ყოფილმა სახელმწიფო მოხელემ, ნატანების გამგებლის მოადგილემ, ილია ნიკოლაშვილმა დატოვა.
ეს ინფორმაცია რედაქციას ნიკოლაშვილის მეგობრებმა დაუდასტურეს.
ნიკოლაშვილი ბოლო ოთხ არჩევნებში აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში და ოპოზიციის მხარდამჭერი იყო.
2017 წელს მან დატოვა თანამდებობა და 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალური საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი იყო ნატანების საარჩევნო ოლქში.
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ოზურგეთის #60 ნატანების #21 მაჟორიტარულ ოლქში, როგორც ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სახელისუფლებო პარტიის კანდიდატთან, თამაზ ტუღუშთან, მცირეოდენი სხვაობით დამარცხდა.
მაშინ ნიკოლაშვილის შტაბში, ზეწოლებზე, მუქარებზე და ტერორზე საუბრობდნენ რამაც, მისი შტაბის წარმომადგენელთა თქმით, არჩევნების გაყალბება განაპირობა.
ამის შემდეგ , 2019, წლის საპრეზიდენტო, 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთ არჩევნებში ის ოპოზიციის მხარდამჭერი იყო და აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში.
წლების განმავლობაში მასზე არაერთი მუქარა განხორციელდა როგორც სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერების, ასევე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებისა და კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან.
როგორც მისი მეგობრები გვეუბნებიან, 2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების დასრულების შემდეგ მასზე მუქარა-განსაკუთრებით კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან-გაძლიერდა – რის გამოც, ნიკოლაშვილი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
აღსანიშნავია, რომ ილია ნიკოლაშვილი მე 15 ყოფილი სახელმწიფო მოხელეა, რომელმაც საქართველო 2021 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დატოვა.
ცნობისათვის – 2021 წლის არჩევნებში-ქვეყნის მასშტაბით გამარჯვება სახელისუფლებო პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა.
ოპოზიცია ტოტალურ გაყალბებაზე, დაშინებებზე და ათეულობით სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს, თუმცა სასამართლოებში ოპოზიციის წარმომადგენელთა არცერთი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, ცესკომ კი არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა, რომლის მიხედვიტაც ოპოზიციამ ვერცერთ მუნიციპალიტეტში მერების არჩევნების მოგება ვერ შეძლო, საკრებულოების დონეზე კი ათამდე მუნიციპალიტეტში უმრავლესობა მიიღო.