29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს 54 დღე წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს – ამის შესახებ მედიასთან თამლიანის დედამ ისაუბრა.
მისი თქმით, თამლიანმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
“სასამართლომ წინასწარი პატიმრობა გამოუტანა 54 დღე. 2022 წლის 27 იანვარს არის ჩანიშნული შემდეგი პროცესი. ჩემმა შვილმა სხვა გზა არ დამიტოვეთ უნდა დავიწყო შიმშილობაო და იშიმშილებს. არაფრით არ მინდა ჩემი ცრემლები დაინახოს ამ მთავრობამ, მაგრამ ძალიან ცუდად ვარ მაპატიეთ”. – ამბობს რუსუდან გარუჩავა
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბესიკ თამლიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა, თამლიანი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად გამართულ აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევასა და ძალადობას ედავებიან.