TI – 2013-2020 წლებში სახელისუფლებო პიარის თანამშრომლებზე 140 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, 2013-2020 წლებში ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებში პიარსამსახურებში დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 140.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან ყველაზე სოლიდური თანხა, 19.9 მლნ ლარზე მეტი, 2016  წელს დაიხარჯა.

კვლევა 322 სახელმწიფო უწყების მონაცემებს მოიცავს, მათ შორისაა, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 35 დაწესებულებამ ინფორმაცია მათ არ ან არასრულად მიაწოდა. მათ შორის, აღსანიშნავია, მთავრობის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელთა წინააღმდეგაც ორგანიზციამ სასამართლოს საჩივრით მიმართა და კანონის შესაბამისად, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მოწოდება მოსთხოვა.

“2020 წელს, 2012 წელთან შედარებით, 578-დან 969-მდე (68%) გაიზარდა სახელმწიფო უწყებების პიარში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა.

თბილისის მერიამ 2018 წელს ააიპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო შექმნა, რომელშიც გამგეობებსა და მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში მოქმედი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები გაერთიანდა. დედაქალაქის მერიაში 2020 წელს საშუალოდ 56 თანამშრომელი იყო დასაქმებული, რომელთა ანაზღაურებაზეც 1.6 მილიონი ლარი დაიხარჯა”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

  • ნახეთ სტატისტიკა 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share