ანა გობრონიძე “ლანჩხუთის” ქალთა საფეხბურთო გუნდის ასაკით ყველაზე პატარა მოთამაშეა. ის სულ რაღაც 16 წლის არის. გურიის კლუბი ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე გავიდა და 9 დეკემბერს შვედურ “როზენგარდს” დაუპირისპირდება.
რამდენი წლის იყავი ფეხბურთის თამაში რომ დაიწყე და რა იყო ინსპირაციის წყარო?
“ფეხბურთისკენ მიდრეკილება ბავშობიდან მქონდა, ძალიან მიყვარდა ეს სპორტი, და უკვე 2 წელია რაც პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობ. ჩემს ცხოვრებაში მოვლენები სწრაფად განვითარდა ნამდვილად არ ველოდი ასეთ წარმატებას ამ დარგში.”
რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში და გუნდში? უფრო პოპულარული გახდი, როგორი შეგრძნებაა?
“უკვე ბევრი რამ შეიცვალა მაგრამ ჯერ კიდევ მიჭირს ყველაფრის გაანალიზება. ეს უდიდესი წარმატებაა ჩემს ცხოვრებაში. რაც შეეხება გუნდს, რა თქმა უნდა, ყველანი ძალინ გახარებულები და ბედნიერები ვართ”
როგორ ემზადებით მომავალი მატჩისთვის? რაიმე ახალი სათამაშო ტაქტიკა თუ შეიმუშავეთ?
“ყველანი ძალიან მოტივირებულები ვართ და გვინდა რომ ღირსეული თამაში ვაჩვენოთ. ნებისმიერი ანგარიშის შემთხვევაში მოედნიდან თავაწეულები გამოვალთ.”
რა იცით მომავალი მეტოქის, “როზენგარდის” შესახებ?
“მეტოქე ძალიან ძლიერია მაგრამ, ჩვენ ძლიერ მეტოქეებს არ ვუშინდებით. ასე, რომ ბრძოლით და რწმენით ყველაფერი შესაძლებელია”
მალე აბიტურიენტი იქნები, აპირებ უნივერსიტეტში ჩაბარებას, თუ მთლიანი დრო ფეხბურთს უნდა დაუთმო?
“ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და მინდა, რომ მომავალში პროფესიონალი მოთამაშე გახვდე და ოცნებებს, რომელიც მაქვს დიდი შრომით და თავდაუზოგავი ვარჯიშებით მივაღწიო. ასევე ვაპირებ უნივერსიტეტში ჩაბარებას და სხვა მხრივ განვითარებასაც.”
სპორტულ და სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ლანჩხუთის ფეხბურთელები რთული მატერიალური პირობების შესახებ საუბრობთ. მას შემდეგ შეიცვალა თუ არა ამ მხრივ სიტუაცია?
“ყველაფერი მოგვარებულია რისთვისაც მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ასევე ადგილობრივ მერიას.”
ცნობილი გახდა, რომ გიორგი კეკელიძემ სტიპენდია დაგინიშნათ. მოგვიყევი ამის შესახებ
“დიახ ამის შესახებ ამ დილით გავიგე და ძალიან გამიხარდა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი კეკელიძეს და სრულიად ,, გურული დღიურების ფონდს”.
და ბოლოს, ევროპულ ფეხბურთში, რომელ გუნდს გულშემატკივრობ?
“”ბარსელონას”, მაგრამ “მილანი” და “არსენალიც” მომწონს.”
შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური „ოქჟეტპესი“ და რუმინული „ოლიმპია კლუჟი“ დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.
crystalsport.ge