რატომ მალავს საგულდაგულოდ კულტურის სამინისტრო გელათის ტაძარზე ინგლისელი სპეციალისტების მიერ მომზადებულ კვლევას და რატომ ხელმძღვანელობს იტალიელი ექსპერტების დასკვნით?
ფრაქცია ,,ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვილის, ინფორმაციით, კულტურის სამინისტრომ ინგლისელ და იტალიელ ექსპერტებს გელათის ტაძრის კვლევა შეუკვეთა. შედეგები კი წულუკიანის უწყებას გადაეცა.
ინგლისელმა სპეციალისტებმა დეტალურად შეისწავლეს იტალიელი კოლეგების მიერ მომზადებული დასკვნა და მასში უზარმაზარი ხარვეზები აღმოაჩინეს.
კულტურის სამინისტრო გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტში სწორედ იტალიელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნით ხელმძღვანელობს.
თეა წულუკიანის გამოსვლა პარლამენტში – ეს არ იყო ანგარიში. ეს იყო სამინისტროს საქმიანობის ძალიან ფრაგმენტული და ზედაპირული მიმოხილვა. … ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, გელათის ტაძრის მდგომარეობას, თეა წულუკიანმა თავის მთავარ გამოსვლაში ყურადღება არ დაუთმო.
2-ჯერ დავუსვით კითხვა და მინისტრი მას გაექცა. მას დავუსვი კითხვა- რატომ არ ხელმძღვანელობს სამინისტრო ინგლისელი ექპერტების დასკვნით და რატომ ხელმძღვანელობს იტალიელების დასკვნით იმ დროს, როცა ორივე კვლევა თავად შეუკვეთა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ინგლისელი სპეციალისტების კვლევას სამინისტრო არ აჩენს, რადგან მასში წერია დეტალურად, რა სავალალო მდგომარეობაშია გელათი და მასში ისიც წერია, რა უზარმაზარი ხარვეზები აქვს იტალიელების დასკვნას. და დღეს გელათის მონასტერში სამუშაოები მიმდინარეობს იტალიელების დასკვნის მიხედვით – განუცხადა ტვ პირველს თეა წულუკიანის პარლამენტში გამოსვლის საკითხზე კომენტირებისას ანა ნაცვლიშვილმა.
დღეს ,,მინისტრის საათის ” ფარგლებში პარლამენტში თეა წულუკიანი მოსმენა გაიმართა. კულტურის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში დაადასტურა, რომ გელათის ტაძრის რეაბილიტაცია იტალიელი ექსპერტების დასკვნის მიხედვით ხორციელდება.
წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლისას ხელოვნების ძეგლებისა და კერძოდ, გელათის ტაძრის, სავალალო მდგომარეობა წინა ხელისუფლებას გადააბრალა.