ორად გაყოფილი საზოგადოება, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება, უკიდურესად დაძაბული გარემო, უმძიმესი დემოგრაფიული ფონი, რომელსაც ეკონომიკური სიდუხჭირე იწვევს… მსახიობი ნანა ბუთხუზი ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს პოლიტიკურ მდგომარეობაზე ჟურნალ “გზასთან” საუბრობს.
ჩვენს თავს ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს
“ჩვენს თავს ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს! დიახ, ამ გეოგრაფიულ სამოთხეში ქართველებმა ჯოჯოხეთი მოვაწყვეთ.
მე არც მიშას ბიძაშვილი ვარ, არც მისი ახლობელი, არც მისი პარტიის წევრი. არც წინა მთავრობის დროს მქონია რაღაც განსაკუთრებული პრივილეგიები და არც ამ მთავრობის დროს მაქვს. აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი ვარ, რომელიც ცდილობს, ყველაფერი ჯანსაღი თვალით დაინახოს და შეაფასოს – კარგიც და ცუდიც.
მიუღებელია, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი გვეუბნება, არჩევნებს თავზე გადაგახევთო, მაგრამ ამის გამო უნდა მოვკლათ, დავასრულოთ და ჩავქოლოთ? ეს სიტყვები მარტო “ნაციონალებს” კი არა, ყველას უთხრეს, მეც მითხრეს – რიგით მოქალაქეს, რომელსაც დასავლური აზროვნება აქვს და არ უნდა საქართველოში რუსული “წესრიგი” დამყარდეს.
მესამე პრეზიდენტის 50 დღიანი შიმშილობა
იმ 50 დღის განმავლობაში, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობდა და სამოქალაქო კლინიკაში არ გადაჰყავდათ, ყველანი უმწეო მდგომარეობაში ვიყავით. სხვათა შორის, ეს ყველაზე კარგი მდგომარეობაა, რომ მტერმა ადვილად გმართოს და დაგიმონოს. იმ დღეებში მარტო სააკაშვილს კი არ კლავდნენ, ჩვენც გვკლავდნენ, ყველა იდეალს და ფასეულობას თელავდნენ, რამაც ქართველები აქამდე მოგვიყვანა.
ხომ შეიძლებოდა, საერთოდ არ ჩამოსულიყო? – ყველანაირად კარგად იყო, მაგრამ მაინც ჩამოვიდა – შენთვის, ამ ქვეყნისთვის, ხალხისთვის ჩამოვიდა და გვითხრა: მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი თავის თავს გადაირჩენს, ქვეყანასაც გაათავისუფლებს და აქედან გამომდინარე, მეც გამათავისუფლებსო.
პირდაპირ გეტყვით: სააკაშვილმა თავისი სიცოცხლე სასწორზე დადო და ყველაზე უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართა. ყველაზე მძიმე დამნაშავესაც კი აქვს სიცოცხლის და სასამართლოს უფლება და მასაც უნდა ჰქონდეს! მე მართლა მაინტერესებს – მიხეილ სააკაშვილი ღამღამობით ოჯახებში მართლა დადიოდა და ხალხს ხოცავდა? გავიგე, რომ მისი მმართველობის დროს ციხეებში და სასამართლო სისტემაში რაღაც დანაშაულები ხდებოდა, მაგრამ ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღოს? რაღაც მტკიცებულებები ხომ უნდა არსებობდეს? დანაშაული შევარდნაძის დროსაც ხდებოდა და ახლაც ხდება, მაგრამ ხომ არ შეიძლება ადამიანი ისე გასამართლდეს, რომ შეკითხვები არ დაუსვან?სააკაშვილის დანაშაულებზე მელაპარაკებიან ისინი, ვინც ადამიანებს ყოველდღე წამლავენ და მორალურად კლავენ?! მე არც არავის სიკვდილი მინდა და არც არავის ცუდად ყოფნა, უბრალოდ, მინდა, ჩემი სამშობლო სამაგალითო სახელმწიფოდ იქცეს! ვინ არის ამის პირველი მოწინააღმდეგე? – რუსეთი. ნუთუ, 21-ე საუკუნეშიც ისეთი მთავრობა გვყავს, რომლის წევრებიც რუსეთის დავალებებს ასრულებენ? არ მინდა ეს დავიჯერო! არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი ხალხის 30-წლიანი ბრძოლა და წვალება უშედეგო იყო! სად არის ახლა ბიძინა ივანიშვილი – პასუხისმგებლობას რატომ არ იღებს? “ოცნებაში” მის მზეს რომ ფიცულობდნენ, სად არის? ფულს გვაძლევსო – მარტო ფული რომ გვადარდებს, სწორედ ეგ გვღუპავს. შეიძლება ის ბევრს დაეხმარა, მაგრამ ამ ადამიანებმა ფულის გამო ყველაფერზე თვალი ხომ არ უნდა დახუჭონ?”
გაყოფილი საზოგადოება
დანაშაული შევარდნაძის დროსაც ხდებოდა და ახლაც ხდება, მაგრამ ხომ არ შეიძლება ადამიანი ისე გასამართლდეს, რომ შეკითხვები არ დაუსვან? ვერ დავიჯერებ, რომ “ქართულ ოცნებაში” არ არიან ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ, მაგრამ ვერ ამბობენ, რადგან ხმის ამოღება არ შეუძლიათ. მარტო ისინი კი არა, ყველა ერთ დღეში ვართ, სიმართლეს თამამად ვერავინ ამბობს: ხმას ამოიღებ და ვიღაცის მტერი ხარ, სოციალურ ქსელში რაღაცას დაწერ და ტროლ-ბოტების მთელი ქარხანა მოგესევა. რა სამწუხაროა! – ამ ბოროტებაში იმხელა რესურსია დახარჯული, ეს ფული ხალხისთვის რომ დაეხარჯათ, ახლა ასი ნაბიჯით წინ ვიქნებოდით. ე.წ. ტროლები და ბოტები ადამიანებს მორალურად კლავენ, ჩვენ ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, მათ რა დააშავეს, თავიანთი სიტყვით რამდენი ადამიანი დაღუპეს! მეც, სოციალურ ქსელში პირველი კრიტიკული სტატუსი რომ დავწერე, მაშინვე შემომესივნენ და ვინ იცის, რა დამამცირებელი სიტყვებით მლანძღეს. ამ ყველაფრის ასხლეტას ვცდილობ, მაგრამ რამდენი ადამიანია, რომელიც გაანადგურეს? ეს ხომ იგივე მკვლელობაა?! ” – აცხადებს ნანა ბუთხუზი.