“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი ამბობს, რომ ე.წ. “პიჯაკების საქმეში” 2012 წელს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამგზავრებისას მფრინავის სასტუმროში განთავსების ხარჯებიც ჩაწერა.
მისი თქმით, “პიჯაკების საქმეში” მესამე პრეზიდენტს ამ უმნიშვნელოვანეს ვიზიტთან დაკავშირებულ მთელ წარმომადგენლობით ხარჯებს ედავებიან.
“სადაც კი მიშა ვიზიტად სახელმწიფო თვითმფრინავით გაემგზავრა, იმ ცნობილი თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრების: ზაურ სუხიშვილის და გელა ფირუზაშვილის სასტუმროში განთავსების და კვების ხარჯები ერთიანად საბრალდებო საქმეშია)))))) ამას წინათ მოვყევი ამ საოცრებაზე ინგა გრიგოლიას გადაცემაში.
აი, ერთ-ერთი დოკუმენტი.2012 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ნატოს გენერალური მდივნის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში. სესია პრაღაში გაიმართა. გაფრინდა სახელმწიფო თვითმფრინავით, მფრინავებს თვითმფრინავში ხომ არ დატოვებდა ღამე? ან მშივრებს? სასტუმროში ხომ უნდა გაეთენებინათ? ჰოდა, მფრინავების სასტუმროში განთავსების ხარჯი “პიჯაკების საქმეშია”, ისევე როგორც ამ უმნიშვნელოვანეს ვიზიტთან დაკავშირებული მთელი წარმომადგენლობითი ხარჯი.
თემო ჯანაშია, ზაურ სუხიშვილი და გერა ფირუზაშვილი უნდა გავიცნო.”- წერს ეკა წამალაშვილი.
ცნობისთვის, “ოცნების” ხელისუფლება და შოთაძის პროკურატურა სიმბოლოდ ქცეულ “პიჯაკების საქმეში” მიხეილ სააკაშვილს წარმომადგენლობით ხარჯს ედავებიან და ამტკიცებენ, რომ გაფლანგულია დაახლოებით 9 მილიონი.