“კოვიდტესტირება არ შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერი პირის მიერ” -შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს მიმართავს

კვების ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთ რესტორანში, იმ ადამიანების, სწრაფ ტესტირებას უზრუნველყოფენ, ვისაც მწვანე სტატუსი არ აქვს, რის შემდეგაც ისინი ობიექტზე შედიან.

შრომის ინსპექცია განმარტავს და მოუწოდებს შესაბამის ბიზნესსუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი, ვინაიდან კოვიდ ტესტის აღებაზე უფლებამოსილება, მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ლაბორატორიას გააჩნია.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პირველი დეკემბრიდან “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ”საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობების უსაფრთხოდ ფუნქციონირების მიზნით მომხმარებელთათვის მწვანე პასპორტების კონცეფცია ამოქმედდა.

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

საზოგადოებრივი კვების ობიექტების მხრიდან მიმდინარე დღეებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვისაც არ აქვს “მწვანე სტატუსი”, რესტორანში დაშვებამდე უშუალოდ ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ სწრაფ ტესტირებას, რის შემდგომაც მოხდება მომხმარებლის ობიექტზე დაშვება და შესაბამისი სერვისის მიწოდება.

შრომის ინსპექცია განმარტავს და მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი, ვინაიდან კოვიდ ტესტის აღებაზე უფლებამოსილება, მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე პირს/ლაბორატორიას, გააჩნია და მსგავსი ტესტირების უზრუნველყოფა არ შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი პირის მიერ”,-ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, კოვიდპასპორტების სისტემა საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა.

მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

  • არის სრულად ვაქცინირებული;
  • გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;
  • ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
  • ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: