მსოფლიოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ რუსეთმა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში გაიმარჯვა! რუსეთი ყოველთვის ყველასთან, ჯერ ერთი, მოპასუხე მხარე იყო – ანუ მას უჩიოდნენ – და ყოველთვის მარცხდებოდა!
მაგრამ ჩვენ ისტორია შევცვალეთ – რუსეთმა გვიჩივლა და… პირველად ისტორიაში გაიმარჯვა, შესაბამისად, საქართველო პირველია, ვინც რუსეთთან საარბიტრაჟო დავა წააგო და მარტო ამ ისტორიული დამცირებით საქმე არ მთავრდება: ჩვენ ახლა 80 მილიონი დოლარი უნდა გადავუხადოთ რუსეთს.
დოლარის კურსს თუ გავითვალისწინებთ, ეს უკვე 250 მილიონი ლარის ფარგლებშია. და ეს არაა დასასრული – უკვე ნათქვამია, რომ ეს თანხა კიდევ გადაიხედება და მომავალი წლისთვის, შესაძლოა, 100-ს მილიონ დოლარს გაცდეს, ანუ 300-ს მილიონ ლარს გადააჭარბოს.
და ყველა ეს მილიონი ჩვენი ჯიბიდან, ჩვენი ბიუჯეტიდან არის გადასახდელი. არც ის გამოვა, რომ არ გადავიხადოთ.
საიდან დაგროვდა ეს მილიონები? საიდან და “ქართული ოცნების” შეუსრულებელი დაპირებებიდან, როგორიც, მაგალითად, დენის ტარიფის განახევრება იყო; – არა თუ განახევრება, ტარიფს მალევე დასჭირდა შესამჩნევად გაზრდა, მაგრამ მოსახლეობის გაბრაზება რომ არ გამოეწვია, ხელისუფლება ამას დიდი ხნის განმავლობაში არ აკეთებდა, ტარიფს არ ზრდიდა – ვითომ კარგი გაგვიკეთა. სინამდვილეში, კი მხარდაჭერის დაკარგვის ეშინოდა.
ანუ, რეალურად, დენი უკვე უფრო ძვირი ღირდა, ხელისუფლება კი ნაკლებს გვახდევინებდა – ან დისბალანსმა შექნა ზარალი, რომელიც ახლა ისევ ჩვენი ასანაზღაურებელია.
სამაგიეროდ, “ქართულ ოცნებას” ხომ წარმატებით მოატყუებინეთ თავი და აგერ 10 წელია გმართავენ. ახლა მომდევნო წლების განმავლობაში ამ 80 ან 100 მილიონის ხდა მოგვიწევს ჩვენი ჯიბეებიდან – დენზე რომ დაგვაზოგინეს ვითომ ფული, აი, იმ ფულით ზუსტად.
რუსებსაც კიდევ ერთხელ ვაჩუქეთ ზეიმის მიზეზი – ისტორიაში პირველად გავამარჯვებინეთ! ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ყველაფერში ასეთი საწყლები?
tv mtavari