რომელი არ არის მართალი? მეცენატი არ არის და არ იყო, თუ ქველმოქმედი არ იყო?! – მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილზე

”ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლა რომ მოხდა, ეს არ არის მართალი, ბიძინა ივანიშვილი მეცენატი რომ იყო, ის არ არის მართალი, თუ ქველმოქმედი რომ იყო და არის?!, ‘– ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მე-9 კლასის სახელმძღვანელოში არსებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მე არ ვიცი, რა ეწყინა ამ ხალხს. სახელმძღვანელოში, რაც ვნახე, ყველა პრეზიდენტზეა საუბარი.

მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსების ცენზურას ისტორიის სახელმძღვანელოს ჩანაწერები არ უნდა დაექვემდებაროს. როგორც ჩანს, დღეს რომ ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ, მათ ცენზურას დაექვემდებარებოდა, ოღონდ საკუთარი ინტერპრეტაციით, როგორც ამ სიტყვას თავად იყენებენ. ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავაკრიტიკოთ, თუ იქ იქნება შეფასებები. მაგრამ როდესაც არის ფაქტები, ამგვარი ინტერპრეტაციები არ უნდა მოვაყოლოთ.

არ ვიცი, მათ რა ეწყინათ, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მეცენატად იყო მოხსენიებული, თუ ქველმოქმედად? რომელი არ არის მართალი, აქვე შეგიძლიათ მიპასუხოთ. მეცენატი არ იყო და არ არის თუ ქველმოქმედი არ იყო, თუ დემოკრატიულად არ მოხდა ხელისუფლების ცვლილება? ამას ნაცმოძრაობის  წარმომადგენლებიც კი ასე ამბობენ და საკუთარ მიღწევად მიიწერენ”, – განაცხადა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, ვარდების რევოლუციას და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ვარდების რევოლუციის როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: