ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოს იმ თავში, სადაც ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული, ზოგადად, საუბარია უკანასკნელი წლების პოლიტიკურ ლიდერებზე.
მისივე თქმით, ამავე თავში საუბარია მიხეილ სააკაშვილზე, ზურაბ ჟვანიაზე და ედუარდ შევარდნაძეზე.
“ეს არის მცდელობა სწორედ იმისა, პოლიტიკა ჩაერიოს განათლებაში და პოლიტიკოსები 21-ე საუკუნის ცენზორებად მოგვევლინონ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი კომპონენტია თანამედროვე ისტორიის სწავლება. საზოგადოებამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატები, ამონარიდები იხილა, რაც კონტექსტს იყო მოწყვეტილი. ზოგადად, იმ თავში საუბარია უკანასკნელი წლების პოლიტიკურ ლიდერებზე. მათ შორის საუბარია მიხეილ სააკაშვილზე, ზურაბ ჟვანიაზე, ედუარდ შევარდნაძეზე. ნაციონალური მოძრაობა იბრძვის არა თანამედროვე ისტორიის სახელმძღვანელოდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მონაცემების ამოსაღებად, არამედ იბრძვიან იმისთვის, რომ ისტორიიდან ამ ადამიანის როლი ამოიღონ – ეს არის ბრძოლა ისტორიასთან, ეს არის პირდაპირი ცენზურა!”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 2021 წელს გამოცემულ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა. ისინი სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვენ. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, ვარდების რევოლუციას და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ვარდების რევოლუციის როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.