ეროვნებით შვეიცარიელმა ინგო შლუტსიუსმა საქართველოში თხილამურებით სრიალის თავისუფალი სტილი ექსტრემალურ სპორტად 2016 წელს დაამკვირდრა. ამ წელს 500 000 ევროს ინვესტიციით, მან ბახმაროში შვეიცარიული ტურისტული კომპანია Powderproject-ი დააფუძნა. რა პერსპექტივები აქვს საქართველოში ექსტრემალური სათხილამურო სპორტის მიმართულებას, რა პრობლემებს აწყდება კომპანია და რატომ აღარ აპირებს შვეიცარიული კომპანია საქართველოში ინვესტირებას, ამის შესახებ „კომერსანტთან“Powderproject-ის დამფუძნებელმა ინგო შლუტსიუსმა ისაუბრა.
„საქართველოში ექსტრემალური სპორტის მიმართულებით კომპანიის შექმნის იდეა 2014 წელს გამიჩნდა, როდესაც Cat skiing-ით(სათხილამურო სპორტის სახეობა) მეგობრებთან ციმბირში ვიყავი. ჩემი მეგობარი სპორტსმენია, მე ტურიზმის სპეციალისტი – მან მითხრა, რომ თუ რამის გაკეთება მინდა ამ მიმართულებით, ლოკაციად კავკასიის მხარე და კერძოდ საქართველო უნდა ავირჩიო. ეს კომპანია დავაარსე, როგორც შვეიცარიული კომპანია, რათა საერთაშორისო კლიენტებს შევთავაზოთ თავისუფალი სტილის თხილამურებით სრიალი.
ამ ეტაპზე არ გვაქვს რამე სახის სერვისები, რადგანაც სტუმრების მიღებას ვიწყებთ დეკემბრის პირველი რიცხვებიდან. ბახმაროში გვაქვს სახლები და ვამატებთ კიდევ რამდენიმეს. როგორც წესი, ქუთაისის აეროპორტიდან კლიენტის აყვანით ვიწყებთ, მოგვყვას ბახმაროში, ვთავაზობთ საცხოვრებელს, ასევე ვთავაზობთ გიდის მომსახურებას და სასრიალო ტრასებს, რომელიც ჩვენ გავიყვანეთ. აგვყავს კლიენტები მწვერვალზე და უზრუნველვყოფთ უსაფრთხო დაშვებას. ძირითადად, გვყავს 4 ჯგუფი – სამი ჯგუფი გვყავს ბახმაროში, ხოლო ერთი ჯგუფი – აჭარაში. ჯგუფში მინიმუმ 10 ადამიანია, მძღოლისა და გიდის ჩათვლით.
სტუმრები ჩამოგვყავს იტალიიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან, ავსტრალიიდან – თითქმის მთელი პლანეტიდან,“ – ამბობს ინგო შლუტსიუსი.
ინვესტორის თქმით, საქართველოს შეუძლია გახდეს საუკეთესო ექსტრემალური სპორტის მიმართულებით, რომ არა კონკრეტული გარემოებები, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ხარვეზები.
„ექსტრემალური სპორტის სახეობა საკმაოდ უნიკალურია, ამისთვის გამოცდილება გჭირდება. ვინც ჩვენთან მოდის, მათ ძირითადად სრიალის 20-30 წლიანი გამოცდილება აქვთ, ანუ ბავშობიდა თხილამურებზე დგანან და სეზონზე მინიმუმ 30 დღეს სრიალით არიან დაკავებული.
საქართველოს შეუძლია გახდეს იდეალური ადგილი ექსტრემალური სპორტის სახეობებისთვის, მაგრამ პრობლემა გვაქვს სხვა ოპერატორებთან, რომლებიც ცდილობენ დააკოპირონ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ გაგვყავს ტრასები და სხვადასხვა კომპანიები უბრალოდ იყენებენ მას. საერთაშორისო ბაზარზე – კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში – შენ არ გაქვს ეს პრობლემა, რადგან გაქვს საკუთრების უფლება. ოპერირებს ერთი კომპანია ერთ არეალზე და შეგიძლია მაღალი ხარისხის მომსახურება მიაწოდო ხალხს – ამას საქართველოში ვერა და ვერ მივღწიეთ.
2 წლის წინ, მინდოდა მეორე ბაზა გაგვეხსნა, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ ეს სისტემა მოუწერიგებელია და იგივე განმეორდება. მე აღარ ვაპირებ საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელებას,“- ამბობს ინვესტორი.
ცოტა ხნის წინ კომპანია Powderproject-მა ახალი მიმართულება დანერგა აჭარის მთებში, თუმცა ელექტროენერგისთან დაკავშირებული პრობლემები, მოგების მიღების შანსებს ამცირებს, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში.
„პანდემიის გამო, ახალი სისტემა შევქნებით, რომ ყველა ჯგუფი განცალკევებით იყოს და უსაფრთხოდ, ამიტომაც ისინი ცალკე სახლებში არიან.
Cat Skiing-ი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ჯერ საკმარისი თოვლი არ გვაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ წელს საკმაოდ მზარდი მაჩვენებელი იყო ქართველი ტურისტების. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, სიტუაცია ძალიან მალე შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ფრენების გამკაცრება მძიმე ტვირთია ყველა ბიზნესისთვის. ბევრი შესაძლებლობა არაა უცხოელებისთვის, რომ საქართველოში შემოვიდნენ. ამიტომ, გვინდა მეტი შესაძლებლობა ადგილობრივებს მივცეთ არა მხოლოდ ექსტრემალურ სპორტის სერვისებით, არამედ უბალოდ დასვენებით და სრიალით ბახმაროში.
მეორე ტრასა აჭარის მთებში იმდენად უნიკალურია, ვფიქრობ არავინ გამოიყენებს ამ ტრასებს, მაგრამ პრობლემაა უშუქობა იმიტომ, რომ ჩოხატაურში ამ ტერიტორიას დენი არ მიეწოდება და გენერატორებზე ვმუშაობთ, ვფიქრობ მომგებიანიც ვერ იქნება,“ – განმარტავს ინგო შლუტსიუსი.
powderproject.ch რომელიც cat ski სრიალით არის დაკავებული, მსურველებს ბახმაროში “სახლის ოფისის” გადატანას სპეციალური პირობებით სთავაზობს. სტუმრებს რომლებსაც ბახმაროში 2, 3 კვირა და მეტი დროით დარჩენის სურვილი ექნებათ კომპანია გარანტირებულ სრიალს სთავაზობს პანდემიის პირობებში.
წყარო: კომერსანტი