“ეს სააკაშვილისთვის არის წამების ახალი ფაქტი და დაწესებულება, რომელიც მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს… იგი საერთოდ განრიდებულ უნდა იქნეს საქართველოს პენიტენციურ სისტემას” – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვას, რომლის მიხედვითაც, დღეს მასთან გლდანის ციხის ორი წარმომადგენელი შევიდა, რომელთა შორისაც მის წამებაში მონაწილე პირი ამოიცნო.
გორის ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილისთვის არის აბსოლუტურად იდენტური დაწესებულება გლდანის მე-18 დაწესებულებისა. არავითარი სხვაობა ამ წუთიდან ამ ორ დაწესებულებას შორის არ არსებობს. ეს ჰოსპიტალი არის ციხე, მორჩა… ეს სააკაშვილისთვის არ არის საავადმყოფო. ეს სააკაშვილისთვის არ არის რეაბილიტაციის შესაძლებლობა. ეს სააკაშვილისთვის არის წამების ახალი ფაქტი, განგრძობითი ფსიქოლოგიური წამება და დაწესებულება, რომელიც მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს და იგი საერთოდ განრიდებულ უნდა იქნეს საქართველოს პენიტენციურ სისტემას, – ამბობს ნიკა გვარამია.