5-6 ივლისი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის იყო ძალიან მძიმე დღე, ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილი ხელისუფლებისთვის. სახელმწიფომ თავის პასუხისმგებლობას თავი ვერ გაართვა, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შეფასებისას აღნიშნა, რომელშიც 5-6 ივლისსა და წინა პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებაა საუბარი.
როგორც სიმონიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო და არ გაატარა სათანადო ზომები იმისთვის, რომ დაეცვა როგორც ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების, ასევე აქტივისტების უფლებები.
„ჩვენ ვიხილეთ მასობრივი ძალადობის შემთხვევები. ჩვენ ვიხილეთ დაგეგმილი ორგანიზებული ძალადობა, რომლის აღმოსაფხვრელადაც და პრევენციისთვისაც ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. ჩვენ ვიხილეთ ის, რომ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებმა, კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა წაახალისა ეს ძალადობა და ვიხილეთ ის, რომ შემდგომ გამართლდა ეს ყველაფერი. 5 ივლისი იყო მედიაზე ძალადობის კულმინაციის დღე, თუმცა 5 ივლისი იყო არამხოლოდ მედიაზე ძალადობის კულმინაციის დღე, არამედ როდესაც ქვეყანამ დაიწყო უკან ნაბიჯების გადადგმა ადამიანების უფლებებთან მიმართებით და დემოკრატიზაციის გზაზე. ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ ის, რაც 5 ივლისს მოხდა, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა, ამის შემდეგ ხელისუფლების მსგავსი ნაბიჯები კიდევ უფრო მეტად ვიხილეთ, როცა მან ფაქტობრივად, არ იღო ყურად ჩვენი პარტნიორების მოწოდებები, რომ დაცული უნდა ყოფილიყო 5-6 ივლისს აქტივისტებისა და მედიის უფლებები. უნდა გამოძიებულიყო ეს დანაშაულები, თუმცა დღემდე, ბოლომდე არ არის სათანადოდ გამოძიებული, განსაკუთრებით, კი ორგანიზატორების ნაწილში. ხელისუფლებამ უარი თქვა იმ აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანას სჭირდება, ფაქტობრივად, იმ სიმბოლური აქტის, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის შემდეგ, ხელისუფლებამ ვნახეთ, რომ ეს პრაქტიკაშიც გაატარა და აუცილებელ, ევროპულ, დემოკრატიულ რეფორმებზეც თქვა უარი. გამოძიება დღემდე არ არის ეფექტური. კვლევის შედეგად, ჩვენი რეკომენდაციები მიემართება როგორც მთავრობის, ასევე შს სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და პარლამენტისადმი, რომელმაც არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ საქმესთან პასუხისმგებელი შესაბამისი თანამდებობის პირები დაებარებინა პარლამენტში“,- განაცხადა სიმონიშვილმა.