წლების წინ საქართველოში ქორწილს სეფაში იხდიდნენ, ღია ცის ქვეშ გაშლილ კარავში. კერძებს ქორწილში მეზობლები ამზადებდნენ, სუფრასაც ისინი შლიდნენ და ალაგებაშიც ეხმარებოდნენ ოჯახს. ასეთი ქორწილები დღეების განმავლობაში გრძელდებოდა, რადგან რამდენიმე ასეული ადამიანის გამასპინძლება იოლი საქმე არ იყო.
მას შემდეგ, რაც საქართველოში სარიტუალო დარბაზები გაიხსნა, სეფაში ქორწილის გადახდის ტრადიცია მივიწყებას მიეცა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ხულოში, სოფელ ღორჯომში ეს ტრადიცია გააცოცხლა.
ბათუმიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე სოფელში „ბათუმელები“ 27 ნოემბერს იმყოფებოდა, მარადისა და ინდირას ქორწილში.

სეფაში ქალები სუფრას შლიან. მიწაზე, სტუმრებს ფეხი რომ არ დაესვაროთ ტალახით, ნაძვის წიწვებია დაფენილი და ქვიშაა დაყრილი

ეზოსა და სახლში პროდუქტებს ამზადებენ, ხახვს ჭრიან, სალათებს აზავებენ. ყველა დაკავებულია, ყველას თავისი საქმე აქვს

მარადი და ინდირა ბათუმში ცხოვრობენ და მუშაობენ, მათ გვითხრეს, რომ ქორწილის შემდეგ 20 დღე დარჩებიან ხულოში, სოფელ ღორჯომში

გარეთ ნოემბრის წვიმაა, მაგრამ სეფაში მხიარულებას ეს ხელს არ უშლის. სუფრაზე უკვე ჰასუთაც ჩამოატარეს, ტკბილი ფაფა, ბევრისთვის საყვარელი საჭმელი, რომელსაც ქორწილშიც ამზადებენ
ნახეთ ვიდეორეპორტაჟი, რომელიც „ბათუმელებმა“ ღორჯომში მოამზადა: