თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
“პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ორივე დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები ერთია, მაგრამ შედგენილია და აწყობილია დილეტანტურ მიდგომაზე. თურმე საქართველომ რაღაც ტერიტორია დაკარგა… ეს ფაქტი საერთოდ არ მომხდარა.
რაც შეეხება ბერ კირიონს, ჰგონია რომ რაღაც იცის…. სინამდვილე ის არის, რომ საქართველოს საქმეს აფუჭებთ ხალხნო! მეორე, ქვეყანას აძლევთ იმის საშუალებას, რომ დაგადანაშაულონ მიწის მითვისებაში, მაშინ, როცა პირიქით, სახეგამართულები ვიყავით… გაუნათლებელ, დილეტანტურ მიდგომაზე საუბარი 29 წლამდე მიიყვანს ყველაფერს, ეს გაფუჭდება. ეს არის სიბინძურე, რაც ხდება, უბინძურესი ბრალდებაა. ეს შეიძლება, პროკურორისთვის არაფერი იყოს, ისროლა ბრალდება და მოარტყა.
მე ვერც ციხე გამტეხს, კი ბატონო, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები! ჩემ უკან ოჯახია, დედა-მამაა, წინაპრებია და ის, რომ ქართველი ვარ.
არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, მე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია” – განაცხადა მელაშვილმა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.