პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Reuters-ის ცნობით “ფეხბურთის მეფე” სან-პაულოს საავადმყოფოში იმყოფება. ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას რამდენიმე დღეში გამოწერენ. 81 წლის სპორტსმენის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი სიმსივნის ამოკვეთის შემდგომი მკურნალობაა.

სექტემბერში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი საავადმყოფოში სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზით გადაიყვანეს. ფეხბურთელს წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა და პალატაში ერთი თვის გატარება მოუწია.

“ვგეგმავ სიცოცხლის 90 წუთი და დამატებითი დროც ვითამაშო”. – თქვა პელემ ოპერაციის შემდეგ.

ბოლო წლებში პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. სიმსივნის გარდა ფეხბურთელს თირკმელებისა და პროსტატის პრობლემები აქვს. ასევე, ახლო წარსულში მას ჩაუტარდა ბარძაყის ძვლის იმპლანტით ჩანაცვლების ოპერაცია.

ედსონ არანტეს დო ნასიმენტო, იგივე პელე, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია, რომელსაც მრავალი სპორტული გამოცემა და სპეციალისტი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს. 14-წლიანი სანაკრებო კარიერა პელემ მსოფლიო ჩემპიონის სამი ტიტულით დაასრულა. 1956-1974 წლებში თამაშობდა კლუბ სანტონში, რომლის მაისურითაც ექვსჯერ გახდა ბრაზილიის ჩემპიონატის გამარჯვებული. კარიერის ბოლო წლები გაატარა ნიუ-იორკის კოსმოსში. 1995-1998 წლებში იკავებდა ბრაზილიის სპორტის მინისტრის თანამდებობას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share