„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო” პარლამენტის წევრების ბიზნესინტერესებზე დასკვნას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 150 დეპუტატიდან ბიზნესთან კავშირი 62 დეპუტატს აქვს, 10-ს კი წილის საკუთრება არასრულად აქვს მითითებული.
„პარლამენტის 150 წევრიდან, ბიზნესთან კავშირი აქვს 62 დეპუტატს
10 დეპუტატს წილის საკუთრება არასრულად აქვს მითითებული დეკლარაციაში, ეს დეპუტატები არიან: დავით კაჭარავა, ნონა მამულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ცეზარ ჩოჩელი, ტარიელ ნაკაიძე, ნინო წილოსანი, დილარ ხაბულიანი, იაგო ხვიჩია, ზაალ დუგლაძე, ფრიდონ ინჯია;
13-მა დეპუტატმა არასრულად დაადეკლარირა მისი არაპირდაპირი სამეწარმეო საქმიანობა (დაკავშირებული/შვილობილი საწარმოები),“ – ნათქვამია კვლევაში.
ასევე, კვლევის თანახმად, 13-მა დეპუტატმა არასრულად დაადეკლარირა მისი არაპირდაპირი სამეწარმეო საქმიანობა (დაკავშირებული/შვილობილი საწარმოები);
ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს (10 და მეტი კომპანიაში) შემდეგი დეპუტატები ფლობენ:
ბადრი ჯაფარიძე (ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსთვის“) – 32 კომპანია;
მამუკა ხაზარაძე (ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსთვის“) – 30 კომპანია;
ვასილ ჩიგოგიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“) – 22 კომპანია;
ავთანდილ ენუქიძე (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) – 20 კომპანია;
ფრიდონ ინჯია (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) – 20 კომპანია;
კახაბერ ოქრიაშვილი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) – 12 კომპანია.
დილარ ხაბულიანი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) – 10 კომპანია.
სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით, მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად, უშუალოდ იყოს კომპანიის ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი”- წერს ორგანიზაცია.
12 შემთხვევაში დეპუტატები პარლამენტში საქმიანობის პარალელურად, განაგრძობდნენ სამეწარმეო სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, ეს დეპუტატები არიან: გიორგი გოდაბრელიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ნონა მამულაშვილი, მამუკა მდინარაძე, როსტომ ჩხეიძე, დევი ჭანკოტაძე, ლევან ხაბეიშვილი, იაგო ხვიჩია, დიმიტრი ხუნდაძე, თამარ ჩარკვიანი, ხათუნა კვიციანი.
სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად უმეტეს შემთხვევაში დეკლარაციებში მითითებულია 0 ლარი. შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან 62-დან მხოლოდ 22 დეპუტატი უთითებს. შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან აფიქსირებენ:
კახაბერ ოქრიაშვილი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) – 11 268 533.54 ლარი;
ფრიდონ ინჯია (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) – 1 528 556 ლარი;
ანტონ ობოლაშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება“) – 1 418 917.5 ლარი;
ელგუჯა გოცირიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“) – 1 263 590.42 ლარი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა” წერს, რომ პარლამენტის წევრთა არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობისა და მათი ბიზნესთან კავშირის შესახებ ანგარიში ეყრდნობა ოფიციალური წყაროების (თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდი, პარლამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია) დამუშავების შედეგად მოგროვებულ ინფორმაციას.
აღნიშნულ საკითხზე „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს:
„საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განახორციელოს აღნიშნულ შემთხვევებზე ზედამხედველობა, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლოს კვლევაში მითითებული შემთხვევები და მოახდინოს რეაგირება;
საჯარო სამსახურის ბიურომ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი“,-აღნიშნულია განცხადებაში.
TI მიიჩნევს, რომ საკითხით საჯარო სამსახურის ბიურო უნდა დაინტერესდეს და ინტერესთა შესაძლო შეუთავსებლობის საკითხი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლოს.
პარლამენტის წევრთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებსა და კომპანიებში მათი კუთვნილი წილების შესახებ ინფორმაცია კვლევაში მოცემულია 2021 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით.
cnews.ge