ბათუმში, ფიტნესცენტრ Reformerfitness-ში, რომელიც შეზღუდვებს არ ემორჩილება, პოლიცია მივიდა. ფიტნესცენტრი შრომის ინსპექციამ დააჯარიმა, რის შემდეგაც, პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა და დარბაზი სახლად გამოაცხადა. სავარჯიშო სივრცე მუშაობის გაგრძელებას აპირებდა.
გუშინ, 28 ნოემბერს, ბათუმში Reformerfitness-ში შრომის ინსპექცია შევიდა და ფიტნესცენტრი აკრძალვის მიუხედავად მუშაობის გამო დააჯარიმა. როგორც ხელმძღვანელი ამბობს, მუშაობის შეჩერებას არ აპირებენ.
“იყვნენ მოსული, ვიჭიდავეთ, ვიკამათეთ, ჯარიმა გამოწერეს, არ ჩავიბარეთ, უკან გავატანეთ. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას. დამემუქრნენ, დაგიჭერთო, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას. ვისაც სურვილი გექნებათ, შემოგვიერთდით. დილის 8-დან 12 საათამდე ნებისმიერი სტუმრისთვის ღია ვართ.” – ამბობს ფიტნესცენტრის ხელმძღვანელი.