გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე და ცენტრ ემპათიას ნევროლოგი, ოთარ თოიძე შევიდნენ.
როგორც ნევროლოგმა სამკურნალო დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი ნამდვილად იღებდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც ნამდვილად არ უნდა მიეღო და ამან მისი მდგომარეობა დაამძიმა.
“ბატონი მიხეილი 3 დღის წინ ვნახე და დინამიკის შესაფასებლად ვარ მოსული, რადგან ნევროლოგიურ სტატუსში გარკვეული ცვლილებები იყო. საკმაო ვადაა გასული იმისათვის, რომ სიმპტომატიკა შემსუბუქდეს.
ფაქტზე მოგახსენებთ, რომ იგი ნამდვილად იღებდა ისეთ მედიკამენტს, რომელიც მას არ უნდა მიეღო თავისი ავადმყოფობიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ ამ მედიკამენტმა დაამძიმა მისი ზოგადი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ასევე ნევროლოგიური სტატუსი”, – აცხადებს ნევროლოგი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მკურნალობის მიზნით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.