“ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია, დღესაც ქართული პოლიტიკის დღის წესრიგს სააკაშვილი აწესებს“

ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ არც ერთი ევროპული დემოკრატიის ქვეყანაში არ ხდება, რომ პრეზიდენტს 5 მილიონის თუნდაც არასწორად დახარჯვისთვის ციხეში სვამდნენ და მიიჩნევს, რომ ივანიშვილი სასამართლოს იყენებს სააკაშვილზე პოლიტიკური შურისძიებისთვის.

”- ამ პროცესმაც კარგად აჩვენა რამდენიმე რამ: პირველი – ამ კონკრეტულ საქმეზე პროცესი ძალიან გაჭიანურდა; მეორე – დანაშაული და სასჯელი ერთმანეთის­ ეკვივალენტური არ არის; და მესამე – კონტექსტი. ჩემთვის იმდენად ბუნდოვანია, როდესაც ედავებიან, 6 წელიწადში 9 მილიონის დახარჯვას და ამას ჯამში ითვლიან, რომ აპრიორი კითხვებს აჩენს. ერთია, რომ საქართველოში ბიუჯეტის განკარგვის მაღალი სტანდარტი არ არის, მაგრამ იმის დასადგენად, ეს სტანდარტის პრობლემაა თუ სააკაშვილის გადაცდომა ან დანაშაული, მომდევნო პრეზიდენტების ხარჯებიც უნდა იყოს გამჭვირვალე. ჩვენ არ ვიცით, ქალბატონი ზურაბიშვილი დაკავებულია თუ არა კოსმეტიკური პროცედურებით. ამასთან, არსებითია, ვინ ასამართლებს. მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილს სასამართლოს მეშვეობით მესამე პრეზიდენტზე პოლიტიკური შურისძიება სურს. სააკაშვილს კორუფციაზე ასამართლებს ის ხელისუფლება, რომელიც უფრო კორუმპირებულია, ვიდრე ძველი. დიდ სურათს რომ შევხედოთ, ამ კაცმა საქართველო სახელმწიფოდ აქცია, უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმები გაატარა, მინიმუმ, რეგიონში, ბიუჯეტი და ეკონომიკა ერთიორად გაზარდა და ამ თავისი მოტანილი სიკეთის 1%-ზე ნაკლები შესაძლოა არასწორად დახარჯა.­ დღეს კი მას ასამართლებს ხელისუფლება, რომელმაც ვერც ეკონომიკა დააყენა ფეხზე და რეფორმებიც ვერ გაატარა… ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ სააკაშვილი ციხეშია. არც ერთ ევროპული დემოკრატიის ქვეყანაში არ ხდება, რომ პრეზიდენტს 5 მილიონის თუნდაც არასწორად დახარჯვისთვის ციხეში სვამდნენ. ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია, დღესაც ქართ­ული პოლიტიკის დღის წესრიგს სააკაშვილი­ აწესებს და ყოველივე დანარჩენი ამაზე რეაგირებაა.” – ამბობს გიორგი რუხაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share