საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი და ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე პროკურორების მისამართით ნათქვამი სიტყვის – “გამოკვლევებულების” გამო, დღეს საქალაქო სასამართლოშია დაბარებული.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ მუხლი, რომლითაც გამოძიებაა დაწყებული, ბუნდოვანია და პროკურატურას მისი სურვილისამებრ გამოყენების შესაძლებლობა ეძლევა.
“366-ე მუხლი, რომლითაც დაწებულია გამოძიება, არის ძალიან პრობლემური. ეს ნორმა ითვალისწინებს პროცესის მონაწილის შეურაცხყოფას და თვითონ ტერმინი – “შეურაცხყოფა”, არის იმდენად ფართო, ბუნდოვანი და განუჭვრეტადი, რომ იძლევა შესაძლებლობას, რომ მბრალდებელის მხრიდან ეს ნორმა იყოს გამოყენებული ისეთ შემთხვევაში, როდესაც რეალურად ადგილი არ ჰქონია დანაშაულებრივ ქმედებას”, – ამბობს საია-ს თავმჯდომარე, ნიკოლოზ სიმონიშვილი.
ISFED-ის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე კი შერჩევით სამართალზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს საქმეც პოლიტიკურად მოტივირებულია.
“იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არის ძალიან ბევრი საქმე, რომელსაც პროკურატურა უნდა იძიებდეს და არ იძიებს და ამ დროს იწყებენ გამოძიებას მსგავს ფაქტზე, არასერიოზულიც კი მგონია და ეს, რა თქმა უნდა, იწვევს ეჭვებს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, იმიტომ, რომ ზოგადად ნიკა გვარამიასა და ტელევიზიასთან დაკავშირებით, არაერთი მცდელობა იყო, რომ ისინი მოექციათ მარწუხებში”, – აღნიშნავს ნინო დოლიძე.