1992 წლის 14 დეკემბერს, აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ ლათასთან დატრიალებული ტრაგედია ძმათამკვლელი ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა გახდა. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სამხედრო შენაერთების მიერ კონტროლირებული ტერიტორიებიდან ნასროლმა ჭურვმა ტყვარჩელიდან აფრენილი შვეულმფრენი ჩამოაგდო, რამაც ბორტზე მყოფი 87 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის, 35 ბავშვი და 8 ფეხმძიმე ქალი. ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ავრცელებს.
“დღეს, ტრაგედიიდან 29 წლის შემდეგ, უნდა გავაცნობიეროთ ამ დღის სიმძიმე აფხაზური საზოგადოებისთვის.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ამ განცხადებით ახსენებს ჩვენი დაყოფილი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომ დაუშვებელია ამგვარი დანაშაულების განმეორება.ამისათვის მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას:
1. დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია ლათის ტრაგედიის თაობაზე;
2. უზრუნველყოს ლათის ტრაგედიის გამოძიება მასში მონაწილე ყველა პასუხისმგებელი პირის გამოსავლენად;
3. უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ლათის ტრაგედიის შესახებ”, – ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.
guardian.ge