დღეიდან მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლას ვეღარ შეძლებენ

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად შსს-ს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის.

უწყების ინფორმაციით, დღეიდან, 30 ნოემბრიდან მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე გასვლა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა.

“ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეიდან დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც.

გარდა ამისა, დღეიდან იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება.

ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ ისარგებლებენ ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში სასურველი მომსახურებით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share