საქართველოს საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს ამონარიდს, პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებიდან, რომელიც შობის მარხვას უკავშირდება.
„ახლა შობის მარხვა დგას. მთელი მარხვის განმავლობაში ადამიანი განსაკუთრებით უნდა ცდილობდეს, დააგროვოს სულიერი საუნჯე. ამისათვის მხოლოდ საჭმლის მიღებისაგან თავის შეკავება საკმარისი არ არის. ყოველმა ჩვენგანმა, უპირველეს ყოვლისა, სიკეთე უნდა ვთესოთ, სიკეთე ვაკეთოთ, ვიყოთ ურთიერთის მიმართ კეთილისმყოფელნი, რათა მშვიდობა სუფევდეს ჩვენ გარშემო.
ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, რწმენასთან, სიყვარულსა და სასოებასთან ერთად, სულიერი საუნჯეა. უფალი ბრძანებს: „სადაც არის საუნჯე შენი იქ არის გული შენი“.
მაგრამ არიან ადამიანები, მორწმუნენი, სულიერად მოაზროვნენი და ეკლესიურნი, რომელთაც ძალიან კარგად ესმით სიტყვები უფლისა: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“. ჩვენ კმაყოფილნი უნდა ვიყოთ იმით, რომ უფალი გვაძლევს პურს ჩვენი არსობისას. აქ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება პური, არამედ ყოველივე ის, რაც ადამიანს საარსებოდ სჭირდება…
მიწიერი საუნჯის მომგროვებლის გული მიწაზეა. თუ გული მიწიერსაა მიჯაჭვული, სულიერი მას უკვე არაფრად სჭირდება და მისთვის იგი უცხო ხდება…
ბედნიერია ის პიროვნება, ის გვარი, ის ერი, რომელიც სულიერ საუნჯეს აგროვებს. უნდა ითქვას, რომ ქართველი ხალხი მუდამ ცდილობდა სულიერი საუნჯის მოპოვებას“.- ამბობს პატრიარქი ქადაგებაში.
(ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის 2001 წლის ქადაგებიდან; გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №51, 2001 წ.)