კალანდობის დღესასწაული შემოქმედში ჩატარდება

კალანდობის ტრადიციული დღესასწაული, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია  ყოველწლიურად ატარებს, მიმდინარე წელს, სოფელ შემოქმედში,  ვარლამ სიმონიშვილის სახელობის მუზეუმში ჩატარდება.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” შემოქმედიდან აცნობეს.

როგორც რედაქციისათვის გახდა ცნობილი, ეს გადაწყვეტილება ოზურგეთის მერიამ უკვე მიიღო და ამ წუთებში აღნიშნული მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისათვის, ვარლამ სიმონიშვილის მუზეუმი , 2014-2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში სოფელ შემოქმედის ცენტრში გააკეთა. თუმცა მომდევნო ოთხი წელი მუზეუმს სტატუსი არ მინიჭებია და  ის უფუნქციოდ იყო.

ამ დრომდე მუზეუმი რამდენჯერმე გახდა ქურდების თავდასხმის ობიექტი და ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტიდან გარკვეული ინფრასტრუქტურის  ნაწილები მოიპარეს. მაგალითად, კარები , საკეტები და ასე შემდეგ. ამ წუთისთვის  სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრა მიმდინარეობს.

კალანდობის ტრადიციული დღესასწაული გურიაში ძველით ახალ წელს, 13 იანვარს  იმართება და მას მონაცველობით ცხემლისხიდში – გიორგი სალუქვაძის სახლი და დვაბზუში – შალვა დადიანის სახლ-მუზეუმი მასპინძლობდნენ.

მომავალი კალანდა პირველი იქნება, რომელიც სოფელ შემოქედში ჩატარდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share