ოკუპაცია, უმუშევრობა, დესტრუქციული ძალები – რა აწუხებს ხალხს ღარიბაშვილის აზრით

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშილი ოპოზიციაზე თავდასხმას არც წლიური ანგარიშის წარდგენისას მოერიდა. გამოწვევებზე საუბრისას მან ერთ-ერთ მთავარ პრობლემად “დესტრუქციული ძალების მიერ შექმნილი პოლარიზაცია” დაასახელა.

“გამოწვევები და პრობლემები რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია ქვეყანაში – ოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყნის გაერთიანება; უმუშევრობა და სიღარიბზე; დესტრუქციული ძალების მიერ შექმნილი პოლარიზაცია და უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ამ გამოწვევებს ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა მივხედოთ. ეს შესაძლებელია მხოლოდ სწორი ხედვით, გონივრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკითა და დაუღალავი, თავდადებული შრომით. 24 საათიანი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ყველა ეს სირთულე, ყველა ეს პრობლემა გადავლახოთ და ქვეყანა და ხალხი გავიყვანოთ სამშვიდობოზე”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრის პოსტის დაკავებისთანავე, “წესრიგი დაამყარა და ყველას თავისი ადგილი მიუჩინა”.

“მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში მომიწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე იყო ხელოვნურად აწეული და დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას ცდილობდნენ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდნენ და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ თუ სახელმწიფოს სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს, უმთავრესი პრინციპები უნდა დაიცვას. უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა და შეასრულოს ვალდებულებები. სამწუხაროდ, როგორ ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსები ამ პრინციპებს არ აღიარებდნენ, შესაბამისად, შეურაცხყოფდნენ ქართველ ხალხს და ინსტიტუტებს. ჩემს მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, ამ პრინციპების მტკიცე დაცვა დავიწყეთ და ქვეყანაში დავაბრუნეთ წესრიგი, ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება”, – თქვა პრემიერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share