იტალიის ანტიმონოპოლიურმა ორგანომ, Apple-ს, 10 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა არაკეთილსინდისიერი სარეკლამო კამპანიის გამო.
რეგულატორის განცხადებით, Apple-ს თავის რეკლამაში შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი იმის თაობაზე, თუ რამდენად ღრმად და დიდხანს შეუძლია iPhone-ს წყალში გაძლება დაზიანების გარეშე.
სხვადასხვა მარკეტინგულ მასალებში Apple ირწმუნება, რომ iPhone 8, iPhone 8 Plus, iPhone XR, iPhone XS, iPhone XS Max, iPhone 11, iPhone 11 Pro, iPhone 11 Pro Max ინარჩუნებენ წყალგამძლეობას 1 მეტრიდან 4 მეტრამდე სიღრმეზე 30 წუთის განმავლობაში, მოდელიდან გამომდინარე, რაც რეალობას არ შეესაბამება.
იტალიის ანტიმონოპოლიური ორგანო ასევე აღნიშნავს, რომ რეკლამაში განმარტებული არაა, რომ ეს სარეკლამო განცხადებები მხოლოდ გარკვეული პირობების შემთხევაშია მართებული, მაგალითად, კონტროლირებად ლაბორატორიულ ცდებში სუფთა წყლის გამოყენებით.
რეგულირებადი ორგანო არ ეთანხმება Apple-ს საგარანტიო პირობებსაც, რომელიც არ ფარავს ზარალს მიყენებულს სითხეებისგან – ორგანომ არასამართლიანად მიიჩნია წინა პლანზე წყალგამძლეობის წამოყენება და ამავდროულად უარის თქმას დასველებისგან დაზიანებული მოწყობილობების შეკეთებაზე.
შეგახსენებთ, 2018 წელს, ამავე ორგანომ Apple 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა, სმარტფონების მიზანმიმართული შენელების გამო.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე