“დღევანდელი ვითარება ოპოზიციისგან მოითხოვს მეტ ინტელექტს და რუდუნებით შრომას, რომ ვერ მოგვპარონ არჩევნების ხმები. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა, ხალხთან ურთიერთობა, მეტი კვალიფიკაცია და დადასტურება იმისა, რომ პარლამენტში 60 ოპოზიციონერი არა მარტო რაოდენობით არის ბევრი, არამედ კვალიფიკაციითა და წესიერებითაც ჯაბნის ხელისუფლების დეპუტატებს”, – ამბობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი კვირის პალიტრასთან საუბრისას.
”ჩვენი ოპოზიციის კომპეტენცია საკმარისზე მეტია, რომ ასეთი მდარე კომპეტენციის მქონე ხელისუფლება დებატებში მაინც დაამარცხოს. თუმცა პარლამენტში რომ არ მუშაობენ, დიდი შეცდომაა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ დაშალეს ორი ფრაქცია. შეცდომა იყო ასევე ზურა “გირჩი” ჯაფარიძის ნაბიჯი. პარლამენტში ყოფნა და დეპუტატის მანდატი ჯილდო კი არ არის, ვალდებულებაა ამომრჩევლის წინაშე.
აბაშიძის დროს აჭარის უზენაეს საბჭოში ვიყრიდი კენჭს, იმიტომ, რომ არ დამეტოვებინა ის ადამიანები არჩევნის გარეშე, რომლებიც ასლან აბაშიძის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში საარჩევნო უბნებში მისვლას ბედავდნენ და ხაზავდნენ ოპოზიციას.
საქართველო ჭაობში ეფლობა, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა, არ ნიშნავს, რომ დაიღუპება. ქვეყანა ამ ხელისუფლების პირობებში ვერც დაიღუპება და ვერც გაბრწყინდება. უბრალოდ, აფერხებენ ქვეყნის განვითარებას. ტიკარაძეც შექმნილ ვითარებას გაექცა. თანაც ბოლო ინფორმაციით ცხადი შეიქნა, რომ ის და სამედიცინო გუნდი მთავრობის სხდომაზე უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ტიკარაძემ შეიძლება მეტი რეგულაცია დააპირა და არ გაუვიდა. ბევრ ევროპულ ქვეყანაში მწვანე პასპორტებს მკაცრად ითხოვენ, მათ შორის ტრანსპორტშიც. საქართველოში კი ღარიბაშვილის პირობებში მიშვებულია ეს საკითხი. მთავრობა და საეკლესიო ხელისუფლება არაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა შეეწინააღმდეგოს ვირუსის გავრცელებას. შეიძლება ტიკარაძისთვის ეს ბოლო წვეთი იყო. მის ნაცვალდ კი დაახლოებით ისეთს შეარჩევენ, როგორიც განათლების მინისტრია, რომელიც ყოველთვის მზადაა თქვას, რომ ორჯერ ორი არის შვიდი.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მან, ერთი მხრივ, რეპუტაცია აღიდგინა იმ ხალხის თვალში, ვინც ფიქრობდა, რომ სააკაშვილი არ გამოირჩეოდა სითამამით, მეორე მხრივ, არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც მიშას ეგონა, რომ მისი გამოჩენით ხელისუფლება შეირყეოდა. არ ჩამოიშლება ხელისუფლება აქციებით, რომელიც ათჯერ ნაკლებია, ვიდრე 2009 წლის უზარმაზარი აქციები იყო რამდენიმე თვის განმავლობაში. აქციები საჭიროა, მაგრამ ეს არ არის მთავარი აქტივობა. საჭიროა პარლამენტში აქტიური მუშაობა და ოპოზიციის სტრატეგიული მოთმინება. არ არის ასე, თუ ვადამდელ არჩევნებს არ დამინიშნავ, საქართველო 2024 წლამდე ვერ მიაღწევსო. ამას ამბობდა ოპოზიცია 2020 წელსაც, თუმცა მიაღწია. ოპოზიციის ბოიკოტით საქართველო დაზარალდა, მერე შევიდნენ პარლამენტში, მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთო და, მოაწერეს. დღევანდელი ვითარება ოპოზიციისგან მეტ ინტელექტსა და რუდუნებით შრომას მოითხოვს… “ნაცმოძრაობა” და “ოცნება” თუ შერიგდებიან, ეს იქნება ქვეყნის მომავლის ყველაზე დიდი ინვესტიცია.” – აცხადებს დავით ზურაბიშვილი.
კვირის პალიტრა