ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სხვა მხარდამჭერებთან ერთად, შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც ნიკა მელია ამბობს, “მეგობრებთან ერთად შიმშილობას მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლების” მიზნით იწყებს.
“არ არის ამ რეჟიმის მოსვენების და ფუფუნების დრო და მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მხოლოდ ახალი წლით ტკბობით ამ უმძიმესი პერიოდის გატარებაც არის მიუღებელი. მე მეგობრებთან ერთად, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებ ახალ, საეტაპო ბრძოლას. დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას”. – თქვა ნიკა მელიამ.
ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, შიმშილობას კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის სათაო ოფისში დაიწყებენ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იშიმშილებს ნიკა მელიასთან ერთად.
“ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს კონსტიტუციური უფლებაა, ეს არაძალდობრივი მეთოდია პროტესტის გამოთქმისა, მაგრამ მძიმეა. ამ მძიმე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მე შეიძლება ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის გასაცემად და ვერავის ვერ დავავალდებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ აქვე დავსძენ, რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება უფრო მალე პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის ტყვედ აყვანას.
სად? არ მინდა და ჩემთვის პრინციპულია, რომ ბავშვები გახდნენ ამ მიზანსცენის შემხედვარენი. ახალი წელი მათთვის ჯადოსნურია და დავუტოვოთ მათ ეს სივრცე. ეს სივრცე ახალი წლის დღეებში ბავშვებისთვის არის. არ გვინდა, ხელი შევუშალოთ ქალბატონ ზურაბიშვილს, რომ განავითაროს ის პროცესი, რაც დაიწყო. ჩვენ ვიწყებთ ამ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას, ვიწყებთ კახეთის გზატკეცილზე ჩვენი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვიქნებით ძალიან ბევრი. შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქ ეწყობა და მესმის, ჩემი მხრიდანაც, სათქმელად რთულია, ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, მაგრამ იქ, სადაც ეროვნული ინტერესია, იქ, სადაც ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას მთელი სახელმწიფო და იქ, სადაც ოკუპაციას გადარჩენილი ქართველები ვცხოვრობთ და დაგვავიწყდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები, ჩვენ სხვა უფლება არა გვაქვს, გარდა შეტევისა, გარდა იძულებისა, რომ რეჟიმს უკან დავახევინოთ და მიტაცებული სახელმწიფო ხელიდან გავაგდებინოთ”. – ამბობს ნიკა მელია.