„საგარეო მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს, როგორც ნატოს ღირებული პარტნიორის მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ“, – ნატოს გენერალური მდივნის ეს განცხადება ალიანსის ვებგვერდზე გავრცელდა.
„საქართველო ჩვენი ღირებული პარტნიორია და საქართველოსთან თანამშრომლობა ჩვენს უსაფრთხოებასაც აძლიერებს. ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არამარტო საქართველოსთვის, არამედ ნატოსთვისაც მნიშვნელოვანია.
ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე. წევრობასთან დაკავშირებით, კონკრეტულ თარიღზე ვერ ვისაუბრებ. ნატოს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ნატო ერთგულია ამ გადაწყვეტილების. ყველაზე კარგი გზა წევრობისთვის მოსამზადებლად, რეფორმების გაგრძელებაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
პირველ და ორ დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. კორონავირუსის გამო მინისტრები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ისაუბრებენ.
მინისტერიალზე საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც დისტანციურად ჩართავენ.
უკრაინულმა მედიამ დღეს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობას განიხილავს.
წყაროს ინფორმაციით, დეკემბერს დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, არ მიიღებენ, რადგან ალიანსში სურთ, ამ საკითხზე ჯო ბაიდენის მოსაზრება მოისმინონ.