გენდერულმა საბჭომ პარლამენტში გენდერული მგრძნობელობის შესამოწმებლად კითხვარი დაამტკიცა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პარლამენტის გენდერული მგრძნობელობის ინდექსის შესახებ კითხვარი დაამტკიცა. როგორც საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნავენ, აღნიშნული კითხვარით პარლამენტში თვითშეფასებას გენდერული მგრძნობელობის კუთხით გამოკითხვა ჩატარდება.

საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, კითხვარი შედგება 5 მიმართულებისგან, რომელიც მოიცავს 71 კითხვას.

“ეს 5 ბლოკი, ერთი მხრივ, ეხება პარლამენტის პოლიტიკურ შემადგენლობას, მაგალითად, რამდენი ქალია საკანონმდებლო ორგანოში, არიან თუ არა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალები, მათ შორის, არის თუ არა სპიკერი ქალი და სხვა. კითხვარი, ასევე, ითვალისწინებს თავად პარლამენტის აპარატის შესწავლას, ბიუჯეტში გენდერული მიმართულებით კონკრეტული თანხების არსებობას და ა.შ. ამ 71 კითხვაზე პასუხებით, საბოლოო ჯამში, დგება ფარდობითი სახის ინდიკატორი, რომელიც გარკვეული პერიოდულობით მიგვანიშნებს როგორ იზრდება პარლამენტის გენდერული მგრძნობელობა”, – აღნიშნა წილოსანმა.

მისი თქმით, გენდერული თანასწორობის საბჭომ, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად და მათ მიერ შერჩეული ექსპერტების ჩართულობით, შეისწავლა კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც ეხება პარლამენტის თვითშეფასებას გენდერული მგრძნობელობის კუთხით.

“პროცესი დაიწყო პარლამენტის ბიუჯეტის გენდერული შეფასებით. შემდგომში, პროცესი გაგრძელდა და გაჩნდა მოსაზრება, რომ პარლამენტმა გააკეთოს თვითშეფასება გენდერული მგრძნობელობის კუთხით თითო მოწვევაში ორჯერ – მოწვევის დასაწყისში და მოწვევის ბოლოს, რაც მიზნად ისახავს, გარკვეულწილად, დაიდენტიფიცირდეს პროგრესი ამ მიმართულებით”, – აღნიშნა საბჭოს თავმჯდომარემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share