ლანჩხუთში, ცენტრალურ ავტობანთან ახლოს, ქალაქის ტერიტორიაზე მგელმა ხბო დაგლიჯა.შემთხვევა სავარაუდოდ გამთენიისას მოხდა.საყანე ფართობებში ჩასასვლელი ჭიშკრიდან 150 მეტრის დაშორებით ამ დილით მოსახლეობამ დაგლეჯილი დეკეული ნახა.
“ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე, აქედან დაახლოებით 200 მეტრში რამდენიმე დღის წინაც დაგლიჯა პირუტყვი მგელმა, აუცილებლად უნდა მოგვახმარონ მონადირეთა ჯგუფი, საშიშია აქ დღეც გავლა, დაძრწიან როგორც ჩანს,”-ყვებიან ადგილობრივები.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ე.წ. მეურნეობის ბინებიდან100 მეტრში ორი მოზრდილი ხბო დაგლიჯა ნადირმა. მაშინ მოსახლეობა აცხადებდა, რომ საჭირო იყო მონადირეთა ჯგუფის გამოყოფა.
“გურიის მოამბესთან” საუბარში ლანჩხუთის მერის მოადგილემ ბიძინა იმნაიშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ მონადირეთა ჯგუფს გაუშვებდა ტერიტორიის დასათვალიერებლად.
ჩვენ დღესაც ვესაუბრეთ ბატონ ბიძინას და მან გვითხრა რომ თუ მოსახლეობა დასახმარებლად მიმართავს, აუცილებლად დაეხმარებიან, თუმცა აქვე დასძინა რომ ამ დრომდე, ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის სამსახურისთვის არავის მიუმართავს, შესაბამისად, მონადირეებიც არ არიან ინფორმირებულები.