კვირას, 26 დეკემბერს საჭადრაკო კლუბში ჩატარდა გურიის რეგიონალური ჩემპიონატი ქალთა შორის(რაპიდი) , სადაც მოწვეული იყო ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან დღეისათვის ყველაზე აქტიური, ძლიერი და ტიტულოვანი მოჭადრაკები.
მათ შორის, ქალთა ოსტატობის კანდიდატები ოზურგეთელი ლანა ლომაძე და ჩოხატაურელი ზეინაბ ხვედელიძე. ასევე თამარ ქათამიძე , რომელიც 2008 წელს ბრინჯაოს პრიზიორი გახდა რესპუბლიკის სასკოლო გუნდურ ჩემპიონატში, ამჟამად ხუთი შვილის დედა.
ჩემპიონატი რომ ველოდით, იმაზე საინტერესო გამოდგა. მონაწილეთაგან ლანა ლომაძე, ზეინაბ ხვედელიძე და თამარ ქათამიძე აქტიურ ჭადრაკს კარგა ხანია ჩამოშორებული არიან, მაგრამ მათმა თამაშმა დაგვარწმუნა, რომ თავიანთი გამოცდილებით და ცოდნით, დღესაც სერიოზულ ძალას წარმოადგენენ.
ყველა მონაწილემ კარგი და საინტერესო თამაში აჩვენა.ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პირველსა და მე-5 ადგილოსანს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა.
საბოლაოდ ჩემპიონი გახდა ოზურგეთის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია ვასაძე, რომელიც ბოლო დროს ძლიერ მამაკაცთა ტურნირებშიც იჩენს თავს. ნათიაზე ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს ლანა ლომაძემ და ანა მეგრელაძემ. ბერგერის კოეფიციენტი ოდნავ უკეთესი აღმოაჩნდა ლანას, რომელსაც ვიცე-ჩემპიონობა ერგო. ანა კი ბრიჯაოს პრიზიორი გახდა.
პრიზიორებს ასევე ნახევარი ქულით ჩამორჩნენ თამარ ასათიანი და ჩოხატაურელი ზეინაბ ხვედელიძე, რომლებმაც მე-4-5 ადგილები გაიყვეს.
დროის მცირე რეგლამენტი ვერ იგუა თამარ ქათამიძემ, რომელმაც ცაიტნოტების გამო ორჯერ მოგებული პარტია დათმო.
კარგად ითამაშა ლიზი ვასაძემაც, თუმცა გააზრებული თამაშის ადეკვატური შედეგი ვერ აჩვენა.
ჩემპიონატს გულშემატკივარი არ აკლდა,. მან ნამდვილად დაგვარწმუნა მისი ყოველწლიურად ჩატარების მიზანშეწონილობაში.
გურიის ჭადრაკის ფედერაცია