ხმაური იყო დღეს ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე.
” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ, სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასგან სიტყვა ითხოვა განცხადების გასაკეთებლად, თუმცა მას, ამის შესაძლებობა არ მიეცა, რის გამოც , როგორც თავად მჟავანაძემ აღნიშნა, მას განცხადების გაკეთება, რეგლამენტის დარღვევით მოუწია.
თავის განცხადებაში ოპოზიციის ლიდერი ითხოვდა, დეპუტატ ლავრენტ ბიგვავას საკითხის განხილვას საკრებულოს მიერ. დავით მჟავანაძის მტკიცებით, ლავრენტი ბიგვავას ცრუ დასმენის საფუძველზე, ამ უკანასკნელმა 48 საათი, ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა. შემდეგ კი სასამართლომ ლავრენტი ბიგვავას მიერ მიცემული ჩვენება, თითქოსდა დავით მჟავანაძე თავს ესხმოდა პოლიციელებს, წინააღმდეგობას უწევდა მათ- რის გამოც მოხდა მისი დაკავება, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ სცნო.
დავით მჟავანაძის განცხადებას ხმაური მოჰყვა საკრებულოში. მას “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ხმაური სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც, საკრებულოს სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა.
ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დეპუტატები 12 საკითხს, მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალურ ბიუჯეტს განიხილავენ.