ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ის სამკურნალოდ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ, ამ ეტაპისთვის სხვა კლინიკაში, შემდგომში კი სხვა ქვეყანაში.
როგორც მან აღნიშნა, გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარი ეპიზოდი, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან გაყვანა სცადეს, მათ მიერ შემუშავებულ დასკვნას დაერთვება და სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება. ჯიშკარიანი მესამე პრეზიდენტს ხვალ, 29 დეკემბერს მოინახულებს.
“მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა და არა მარტო ფსიქოემოციური თვალსაზრისით და ფსიქოთერაპიით, რასაც ქალბატონი გოგორიშვილი მისი კომპეტენციის გარეთ აცხადებს, არამედ არის ძალიან საყურადღებო ამ ადამიანის ნევროლოგიური სტატუსი და სომატური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც არც დიაგნოსტირებულია ადეკვატურად, არც მიმდინარეობს მკურნალობა რეაბილიტაცია. ახლა დაუყოვნებლივ მეჩვენება სამოქალაქო კლინიკის მოძებნა, სადაც იგი დროებით იქნება გადაყვანილი, ხოლო შემდგომში, მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს საზღვარგარეთ, სადაც მის მიმართ შეწყვეტილი იქნება პოლიტიკური შურისძიება.
ვაპირებთ ხვალაც განვახორციელოთ ვიზიტი გორის ჰოსპიტალში და ეს დამატებითი ფაქტები, თავისი არასათანადო სამედიცინო მომსახურებით დაემატება ჩვენს დასკვნას და გაეგზავნება, როგორც უკრაინის სახალხო დამცველს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში”,-თქვა მარიამ ჯიშკრაიანმა.
ცნობისთვის, გუშინ 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გაყვანა იგეგმებოდა. მას გუშინვე შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტთან საღამოს საათებში შევიდნენ და აცნობეს, რომ ის კლინიკიდან უნდა გადაეყვანათ, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა. მოგვიანებით წერილი თავად მიხეილ სააკაშვილმაც გამოაქვეყნა, რომელშიც მომხდარს დეტალურად აღწერდა. მისი თქმით, მასთან ფორმაში ჩაცმული პირები შევიდნენ და კლინიკიდან მისი გაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალთან გვიან ღამით ენმ-ს წევრები და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იმყოფებოდნენ. ნიკა გვარამია მესამე პრეზიდენთან შეხვედრას მოითხოვდა, თუმცა ის კლინიკაში არ შეუშვეს. მისი თქმით, კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილის გაყვანა ფორმა 100-ის საფუძველზე იგეგმებოდა.
ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით მოინახულა. უფლებადამცვეკმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის გამოკითხვის ოქმი წაიკითხა. მისი თქმით, მკურნალი ექიმი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს პოსტრავმული სტრესული აშლილობა აქვს და მისი მკურნალობა საქართველოს პირობებში თავისუფლების გარეშე რეაბილიტაცია შეუძლებელად მიაჩნია. მოგვიანებით, ნინო გოგორიშვილმა თქვა, რომ გამოკითხვის ოქმი, რაც ნიკა გვარამიამ წაიკითხა “ნაწილობრივ სიმართლეა, ნაწილობრივ კი ფაქტების ინტერპრეტაცია“. გოგორიშვილმა მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ნიკა გვარამიამ კითხვებზე ხელი მოაწერინა.