ICC-ს ფონდი აგვისტოს ომის მსხვერპლებისთვის €600 000-ს დახმარების პროგრამას იწყებს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდი 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის 600 000 ევროს მოცულობის დახმარების 3-წლიან პროგრამას იწყებს. ეს ინფორმაცია იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ გაავრცელა.
უწყების ცნობით, პროგრამით გათვალისწინებული დახმარება განკუთვნილი იქნება 2008 წლის ომის მსხვერპლთათვის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. პროგრამა ითვალისწინებს დახმარებას სამედიცინო მკურნალობისას, მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სხვა სახის მხარდაჭერას.
“ზიანის მასშტაბების შეფასების პროცესი 2019-2020 წლებში საქართველოს მთავრობასთან, უშუალოდ აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებსა და არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართა. კონსულტაციების პროცესში განხილულ იქნა საკითხები, თუ რა ტიპის ზიანი მიადგათ აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს და რამდენად ახდენს მისი შედეგები გავლენას მსხვერპლთა დღევანდელ ყოფაზე, მათ უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვის უფლებაზე”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის გამოძიებისგან დამოუკიდებლად არსებობს დაზარალებულების ნდობის ფონდი. საქართველოს შემთხვევაში, “დაზარალებულია ის, ვინც 2008 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით გახდა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულებების მსხვერპლი”.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share