პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ იანვარ-ნოემბერში მთავრობის ვალდებულებების მოცულობა 4.065 მლრდ ლარით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით ვალის მოცულობა დაახლოებით 228 მლნ ლარით მეტია.
რაც შეეხება ვალის აღების წყაროებს, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში მთავრობამ საგარეო ვალის სახით დაახლოებით 4.5 მლრდ ლარის ვალი აიღო. აქედან 1.713 მლრდ ლარი ქვეყანამ ევრობონდების განთავსების საშუალებით მიიღო, დაახლოებით 1.627 მლრდ ლარი მთავრობამ საბიუჯეტო კრედიტებიდან აიღო, საინვესტიციო კრედიტებიდან აღებული ვალების მოცულობამ კი 1.160 მლრდ ლარი შეადგინა.
რაც შეეეხება საშინაო ვალს, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს მთავრობამ უფრო მეტი შიდა ვალი დაფარა, ვიდრე აიღო, უფრო კონკრეტულად, სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებისა და დაფარვის შედეგად წმინდა შემოსულობა – 434.4 მლნ ლარს შეადგენს. სწორედ ამან განაპირობა მთლიანი ვალის მაჩვენებლის შედარებით შემცირება.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ვალდებულებების წილი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 26.1%-ს შეადგენს. ამასთან, ვალების აღების წილი მთლიან შემოსულობებში 2019 წელს მხოლოდ 13.2%-ს შეადგენდა.