უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, პატივისცემით მოექცეს და არ დაუშვას მისთვის საფრთხის შემცველი ქმედებები. უწყება აღნიშნავს, რომ 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მცდელობა შეუსაბამო იყო, რადგან ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივისცემით მოექცეს უკრაინის მოქალაქეს და არ დაუშვას ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოში უკრაინელი დიპლომატები აგრძელებენ სიტუაციის განსაკუთრებულ კონტროლს, მუდმივ დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან”. – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, 29 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის კონსული მოინახულებს. სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველომ უკრაინელ ექიმებს სააკაშვილის მდგომარეობის გამოკვლევის უფლება უნდა მისცეს.
“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მის უკრაინაში დაბრუნებაზე ჰუმანიტარული მიზეზების გამო მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ასეთი ნაბიჯების აუცილებლობა აშკარაა”. – ნათქვამია განცხადებაში.
27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ მასთან 6 ადამიანი შევიდა და უთხრეს, რომ გადაჰყავდათ, თუმცა, ექსპრეზიდენტმა არ იცის – სად. მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა, მისი გადაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. პენიტენციურის ინფორმაციით, ექიმებმა სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, თუმცა ის თანამშრომლებს არ დაემორჩილა, რის გამოც მისი გადაყვანა დროებით გადავადდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მნახველების შესვლაზე შეზღუდვა დააწესეს და ყოველდღიურად მხოლოდ ერთ ადამიანს შეუშვებენ. მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ მისცეს სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურნალობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.